ისრაელში Covid19-ის შემთხვევების ზრდის შემდეგ, შესაძლოა, შეზღუდვები ხელახლა დააწესონ

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა, განსაკუთრებით, სკოლებში. თუ შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, ქვეყანაში, შესაძლოა, შეზღუდვები ხელახლა დააწესონ.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ახალი ვირუსი 101 ადამიანს დაუდასტურდა.

30 მაისს პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ მინისტრებსა და ჯანდაცვის ოფიციალურ პირებს შეხვდება, რათა გადაწყვიტონ, სკოლები ხელახლა უნდა დახურონ თუ არა.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, მოშე ბარ-სიმან-ტოვმა, განაცხდა, რომ ზოგიერთი ადამიანი სოციალური დისტანციის, ჰიგიენის, პირბადის ტარების წესებს კარგად არ იცავს.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობა არ გაზრდილა, დადებითი პასუხის მაჩვენებელი 0.5%-დან 1.5%-მდე გაიზარდა.

"სამწუხაროდ, დაავადება კვლავ აქ არის," - აღნიშნა მან.

ისრაელში შეზღუდვების შემსუბუქება აპრილის შუა რიცხვებში დაიწყეს მას შემდეგ, რაც ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა.

ისრაელში ახალი კორონავირუსი 17 008 ადამიანს დაუდასტურდა, 284 პაციენტი გარდაიცვალა, 14 776 - უკვე გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შემდეგ დაახლოებით 500 სკოლა კვლავ დაკეტეს.

კომენტარები