რუსეთი

პუტინის ბრძანებით II მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად აღლუმი 24 ივნისს ჩატარდება

ვლადიმირ პუტინი
Kremlin

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი 24 ივნისს ჩატარდეს.

"ბრძანებას გავცემ დაიწყოს მზადება სამხედრო აღლუმისათვის მოსკოვსა და სხვა ქალაქებში. ის 24 ივნისს ჩატარდება", - განაცხადა მან.

პუტინის თქმით თარიღი 1945 წლის გამარჯვების აღლუმს ემთხვევა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ თქვა, რომ მარტის შემდეგ ახალი კორონავირუსით 5 500 რუსი ჯარისკაცი დაავადდა, მათგან 3 500 გამოჯანმრთელდა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ უკვდავთა პოლკის მარში 26 ივლისს გაიმართება.

9 მაისის სამხედრო აღლუმი კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. მოსკოვში მასშტაბური ღონისძიება იყო დაგეგმილი რომელსაც სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები უნდა დასწრებოდნენ.

ბოლო მონაცემებით რუსეთში ახალი კორონავირუსი 362 342 ადამიანს დაუდასტურდა. რუსეთი ამ მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 8 915 ახალი შემთხვევა, თუმცა ქვეყნის მთავრობა ირწმუნება, რომ ქვეყანაში სიტუაცია გაუმჯობესდა და ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში შემოღებული აკრძალვების შემსუბუქება დაიწყეს. ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით რუსეთში 3 807 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათში 174. თუმცა ეს მონაცემები საეჭვოა, რადგან მოსკოვის ჯანდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის მქონე პაციენტთა გარდაცვალების შემთხვევების 60% ოფიციალურ სტატისტიკაში არ აისახება, რადგან მათ სხვა დაავადებაც ჰქონდათ.

კომენტარები