ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონპროექტით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არიან დასაქმებულები, საქართველოში დროებითი ბინადრობის უფლებას გამარტივებული გზით მიიღებენ. ცვლილებები "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში შედის, ავტორები არიან: ვახტანგი თურნავა, არჩილ გორდულაძე, ლევან მახაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ბერეკაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.
პარლამენტს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განმარტებითი ბარათის თანახმად, "კანონპროექტის მიზანია საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიონალი კადრების მოზიდვის მიზნით საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა".
კანონპროექტის თანახმად, ბინადრობის მოწმობის მისაღებად, დაინტერესებული პირს უნდა ჰქონდეს IT სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება, ასევე უნდა წარადგინოს ცნობა, რომ მისი ყოველწლიური ხელფასი მინიმუმ 25 000 დოლარის ექვივალენტია ლარში.
ბინადობრობის ნებართვა 3 წლის ვადით გაიცემა, განმარტებითი ბარათის თანახმად, "ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა ყოველ ჯერზე შეიძლება გაგრძელდეს 3 წლის ვადით, არაუმეტეს 12 წლამდე".
"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რეგისტრირებული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული შრომითი იმიგრანტი და უცხოელი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირად, რომელიც ეწევა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში სააგენტოს წარუდგენს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში შრომითი ან ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შედეგად მიღებული ანაზღაურების მოცულობა წლიურად 25 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე ნაკლები არ არის. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ დოკუმენტების წარდგენის წესი და დამატებითი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით" . - წერია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის თანახმად, IT სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა შეწყდბა იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღე ან მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის პერიოდში.
საქართველოს ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის დროდ ითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ფიზიკური პირი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლითაც იგი გავიდა საქართველოს ფარგლების გარეთ სპეციალურად სამკურნალოდ. ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მონიტორინგის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა" - წერია კანონპროექტში.
კანონპროექტის თანახმად, კანონში ცვლილებები 2025 წლის 1 სექტემბრიდან უნდა ამოქემდდეს.





