რუსული კანონი

"საქართველო გარე ძალების დახმარების გარეშე შედის EU-ში" - თსუ რექტორის ციტატებს აქვეყნებს

ჯაბა სამუშია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რექტორის, ჯაბა სამუშიას სტატიიდან ამონარიდები მოჰყავს.

"ჩვენი, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარი მისია განათლებული და მოაზროვნე მოქალაქეების აღზრდაა, რომელიც ეფუძნება კვლევას, განათლებას, ინოვაციას, ეს ყველაფერი კი თავისუფლების, მშვიდობის, თანასწორობისა და მშვიდობიანი მომავლის საწინდარია.

ჩვენს კურსდამთავრებულებს თავისი წარმატებებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ევროპული მომავლის მშენებლობაში.

31 წელია ევროკავშირი ვითარდება, მუშაობს, აერთიანებს 27 ქვეყანაში მცხოვრებ 448 მილიონ ადამიანს და უზრუნველყოფს მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას.

ევროპასა და საქართველოს შორის ისტორიული ურთიერთობების შესახებ იხილეთ ამონარიდი სტატიიდან "საქართველო და დასავლეთი.“

" ...დღეს საქართველო უდიდესი პერსპექტივის წინაშე დგას – გახდეს საერთო ევროპული ოჯახის წევრი. საქართველო ამ გზით საერთო ევროპულ პოლიტიკურ თუ სამხედრო თანამშრომლობის სისტემაში ერთვება, ეს კი, ქართული სახელმწიფოს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა. ეს პროცესი არ უნდა განვიხილოთ კონტექსტის გარეშე, მას თავისი წინაპირობა აქვს, რომელიც ასწლეულებში იკარგება.

მსოფლიო საერთაშორისო ურთიერთობების სტრუქტურაში, კავკასია ძირითადად იმით გამოირჩეოდა, რომ იგი ორი ან მეტი ძალის წონასწორობის არეალი იყო.

მულტიპოლარულობამა და ბიპოლარულობამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ამ რეგიონის ბედი. ასევე, დიდი როლი ითამაშა კავკასიის ხალხთა სახელმწიფოებრივ-კულტურულ ევოლუციაში იმ შემთხვევამ, რომ კავკასია მხოლოდ დიდი იმპერიების გავლენის სფეროდ კი არ იყო დანაწილებული, არამედ აქ გადიოდა ორი დიდი ცივილიზაციის გამყოფი ხაზი. დასავლეთისა და აღმოსავლეთის შეხება, ყველაზე ცხადად, კავკასიის რეგიონში ვლინდება. ამ ორი ცივილიზაციის შეჯერების შედეგად რეგიონში ერთგვარი ინტერკულტურული გარემო ჩამოყალიბდა, სადაც დასავლურ ფასეულობებს ერწყმის აღმოსავლური კულტურის ნიშნები. ეს რეალობა პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ გათვითცნობიერებული და ამიტომაც, არავის უკვირდა, დავით IV აღმაშენებლის მეჩეთში სიარული, დემეტრე I-ისა და თამარის კარზე მუსლიმი სწავლულების ყოფნა, ქართულ ფულზე არაბული წარწერები და სხვა.

საქართველოს ევროპული ორიენტაცია დიდწილად ქრისტიანობის შემოსვლამ განაპირობა, თუმცა ამ ტენდენციას გაცილებით ღრმა ფესვები აქვს. ძვ. წ. IV საუკუნეში, ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთში ლაშქრობის შემდეგ, საქართველო ელინისტური სამყაროს ნაწილი გახდა, ძვ. წ. I საუკუნიდან კი რომმა კავკასია მოაქცია თავის გავლენის ქვეშ და ამ გზით, ქართლი და ეგრისი აქტიურად ჩაერთო საერთო რომაული ცივილიზაციის არეალში. საქართველოს ტერიტორიაზე ქრისტიანული აღმსარებლობის დამკვიდრებამ, ევროპის ქრისტიანულ სამყაროსთან კავშირები უფრო ინტენსიური გახადა.

დასავლეთი თუ აღმოსავლეთი, ამ დილემის წინაშე არაერთხელ დადგა საქართველო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი პოლიტიკოსების არჩევანი ყოველთვის ევროპა იყო. დასაწყისში თუ საქართველოს სამეფო კარი უშუალოდ თანასწორ კავშირ-ურთიერთობაში იყო ევროპულ მონარქიებთან და საერთო ევროპულ სამხედრო ბლოკებში მონაწილეობდა (ჯვაროსნული ლაშქრობები), მოგვიანებით ვითარება შეიცვალა და ქართველები ევროპის სახელმწიფოებთან ურთიერთობდნენ მესამე სახელმწიფოს მეშვეობით – ბიზანტიის, რომის პაპის, რუსეთისა და ა.შ. შუამავლობით.

ამჟამად კი, საქართველო დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე ძალისა თუ შუამავლის დახმარების გარეშე, შედის ევროკავშირში და ევროატლანტიკური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი ხდება. თანაც ისე, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და თავისუფლებას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ასეთი შანსი, საქართველოს, არ ჰქონია არსებობის არცერთ ეტაპზე. "

ამონარიდები სტატიიდან, ჯ. სამუშია, საქართველო და დასავლეთი, კრ. საქართველო-ნატო, საწყისები, რეალობა, პერსპექტივები.

გილოცავთ ევროპის დღეს!" - წერს თსუ.

კომენტარები