ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ევაკუაციის მოთხოვნის შემდეგ ისრაელმა რაფაში მცირე სახმელეთო ოპერაცია დაიწყო

JAAFAR ASHTIYEH/AFP VIA

7 მაისის დილას რაფას ტერიტორიაზე ისრაელის თავდაცვის ძალებმა მცირე მასშტაბის სახმელეთო სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. 6 მაისს ისრაელმა რაფას ერთი ნაწილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოითხოვა, რადგან იქ სამხედრო ოპერაციის დაწყებას გეგმავენ. ისრაელის არმიის რაფას ტერიტორიაზე ყოფნა ისრაელის არმიის რადიომ და ეგვიპტის წარმომადგენლებმა დაადასტურეს. 

როგორც ცნობილია, რაფაში გადასასვლელი გზა ისრაელის ტანკებით ჩაიკეტა და იქ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაც შეჩერდა. 6 მაისს ისრაელმა რადიოს, სატელეფონო შეტყობინებების და ფლაერების საშუალებით გაავრცელა მოწოდება, რომ რაფაში სახმელეთო ოპერაციის გამო მოსახლეობას ტერიტორია დაეტოვებინა.

5 მაისს ჰამასმა იერიში მიიტანა ერთ-ერთ ქალაქზე, სადაც ოთხი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა. განცხადებები, რომ ისრაელი მალევე აპირებდა რაფას სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყებას ამ თავდასხმის შემდეგ გავრცელდა. ჰამასის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რაფაში ოპერაცია შეაჩერებს ცეცხლის შეწყვეტაზე და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებებს, სადაც შეთანხმებასთან ახლოს იყვნენ. აღსანიშნავია, რომ რაფას შეტევის დაანონსებამდე ჰამასს არ გაუვრცელებია განცხადება, რომ მოლაპარაკებებში შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იმყოფებოდნენ. 

ისრაელი რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის ჩატარებას თითქმის 2 თვეა აანონსებს. ისრაელის მხარის ცნობით, რაფაში ჰამასის დანაყოფები იმყოფებიან და მათი განადგურების გარეშე ღაზაში ომი არ დასრულდება. იქიდან გამომდინარე, რომ რაფას ღაზიდან მილიონამდე იძულებით გადაადგილებული პირი აფარებს თავს, საერთაშორისო საზოგადოება პოტენციური სამოქალაქო ზიანის უპრეცენდენტო მასშტაბის შესახებ ისრაელს აფრთხილებს. 

კომენტარები