რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ: რუსეთი უკრაინელი ჯარისკაცების წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს იყენებს

ფრონტის ხაზზე მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების თქმით, რუსეთი მათ პოზიციებზე გაზის ყუმბარებს ყრის
Anadolu

აშშ-ს თქმით, რუსეთი უკრაინასთან ომში ქიმიურ იარაღს "ომის საშუალებად" იყენებს, რაც საერთაშორისო სამართლის დარღვევაა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ადასტურებენ, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე უპირატესობის მოსაპოვებლად რუსებმა ქიმიური შეიარაღება გამოიყენეს.

1 მაისს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე ძლიერი მომწამვლელი და ცრემლსადენი ნივთიერება ქლორპიკრინი გამოიყენა, რომელსაც პირველ მსოფლიო ომში ქიმიურ იარაღად გერმიანია იყენებდა. ამასთანავე, ამერიკელი მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა იზოლირებული ინციდენტი არ არის.

"ამგვარი ქიმიური ნივთიერებების გამოყენება იზოლირებული ინციდენტი არ არის და, სავარაუდოდ, განპირობებულია რუსული ძალების სურვილით, უკრაინელები გამაგრებული პოზიციებიდან განდევნოს და ბრძოლის ველზე ტაქტიკური წინსვლა მოიპოვოს". - წერია განცხადებაში.

თავის მხრივ, რუსეთი ამ ბრალდებებს უარყოფს და "უსაფუძვლოს" უწოდებს. კრემლის სპიკერის დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთი ქიმიური იარაღის კონვენციის ხელმოწერით აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება. ცრემლსადენი გაზის გამოყენება ქიმიური იარაღის კონვენციით 1997 წლიდან არის აკრძალული.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აცხადებს, რომ ამერიკა სანქციებს დაუწესებს რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ სამ ობიექტს, რომლებიც რუსეთის ქიმიური და ბიოლოგიური შეიარაღების პროგრამებთან არიან დაკავშირებული. ასევე დასანქცირდება დამატებით ოთხ კომპანიასაც, რომლებიც ამ პროგრამებს მხარს უჭერენ.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე რუსული ძალების მიერ ბრძოლის ველზე ქიმიური შეიარაღების სავარაუდო გამოყენების 1400-მდე ცნობა არსებობს.  

კომენტარები