რუსული კანონი

საგარეო: აშშ-მ ვიზიტამდე კანონპროექტის შეჩერება მოითხოვა, პრემიერი დათქმით მიიწვიეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე "დათქმით" მიიწვია. საგარეო უწყების ცნობით, აშშ-მ ქართული მხარისგან "გამჭვირვალობაზე" კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერება მოითხოვა.

"ამასთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვა.

დათქმით ვიზიტის განხორციელება არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის ელჩს დეტალური განმარტება წარედგინა" - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირები სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, რაზეც ქართული მხარისგან უარი მიიღეს.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაში წერია. შეერთებული შტატები ჩვენი მტკიცე ურთიერთობის ერთგული რჩება და ქართველი ხალხისთვის მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა სურს" - თქვა ელჩმა.

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მეორე მოსმენით პირველ მაისს მიიღო. 

კომენტარები