პრეზიდენტის იმპიჩმენტი

სარჯველაძე: ვუშვებთ, რომ კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს

ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს.

"რასაკვირველია, ჩვენ ვუშვებთ, რომ შეიძლება, კენჭისყრის შედეგად პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს. პირადად მე, ასეთი მოლოდინი მაქვს, იმიტომ, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება, თუ საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადასტურებს. პერსონალურად პრეზიდენტის მიმართ რაც არ უნდა ოპოზიციურად და ლოიალურად განწყობილი იყო, ძალიან რთულად ასახსნელი იქნება ის, რომ არ მივცე ხმა იმპიჩმენტს, იმის მიუხედავად, რომ კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა [...] ფაქტია, რომ უმრავლეს შემთხვევაში, კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ოპოზიციასა და ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს იდენტური პოზიციები გააჩნიათ. მცდარი, მაგრამ იდენტური. ამის მიუხედავად, მე მაინც მგონია, რომ ოპოზიციაში რაღაც ნაწილი იარსებებს, რომელსაც კონსტიტუციის დარღვევა მნიშვნელოვან ფაქტორად მიაჩნია. თუმცა, საპირისპიროსაც ვუშვებ". - თქვა სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

სარჯველაძემ პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების შესახებაც ისაუბრა, რომლის თანახმად, კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, კენჭისყრა ღია წესით ჩატარდება. 

სარჯველაძის თქმით, რეგლამენტის ცვლილება არსებული რეგულაციების გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან კავშირში არაა.


პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების თანახმად, კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხევევის გარდა, თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე კენჭისყრა პარლამენტში ფარულის ნაცვლად, ღია წესით მოხდება. დახურული კენჭისყრის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის დროს იქნება გამოყენებული.

ამასთან ერთად, მათივე ცნობით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება.

1-ელ სექტემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მიზეზად კობახიძემ ევროპელ ლიდერებთან ზურაბიშვილის ვიზიტები დაასახელა, რომელთა შესახებ პრეზიდენტს მთავრობისგან თანხმობა არ მიუღია. 

6 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლოში დასრულდა კონსტიტუციური წარდგინების განხილვა საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას თქმით, პარლამენტი შესაბამის დასკვნას კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადებში მიიღებს, რომელიც 14 ოქტომბერს იწურება. მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა მარტივი არ ყოფილა.

კომენტარები