არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნები

არგენტინის ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატს იუდაიზმის მიღება სურს

(AP Photo/Natacha Pisarenko)

არგენტინის ულტრა-მემარჯვენე კანდიდატს, ხავიერ მილეის, სურს, რომ იუდაიზმი მიიღოს. ხავიერ მილეი ბუენოს-აირესის რაბისთან ერთად რეგულარულად სწავლობს ებრაულ რელიგიას და კულტურას. ესპანურ გამოცემა El Pais-სთან ინტერვიუში მილეიმ თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისრაელში არგენტინის საელჩოს თელ ავივიდან იერუსალიმში გადაიტანს. მისი თქმით, იუდაიზმის მიღებაში მისი მთავარი პრობლემა შაბათის წესის დაცვა იქნება.

"მე ვარ პრეზიდენტი და ამ დროს შაბათია, რა უნდა გავაკეთო? პარასკევიდან შაბათამდე გავწყვეტ კავშირს ჩემს ქვეყანასთან? აქ არის რაღაც პრობლემები, რაც ამ რელიგიას შეუთავსებლად აქცევს. რაბი, რომელიც მეხმარება იუდაიზმის სწავლაში მეუბნება, რომ მე უნდა ვიკითხო თორა ეკონომიკური ანალიზის პერსპექტივიდანაც" - თქვა ხავიერ მილეიმ. 

პრაიმერის მიხედვით, ხავიერ მილიეის გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. მილეის თქმით, არგენტინის ყველაზე დიდი მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი არიან. 

ხავიერ მილეის რამდენიმე მასტიფის ჯიშის ძაღლი ყავს, ორ მათგანს მილტონი და მარი ჰქვიათ, ებრაელი ეკონომისტების მილტონ ფრიდმანისა და მარი როთბარდის საპატივცემულოდ.

52 წლის კონგრესმენი და ეკონომისტი არგენტინის ეკონომიკის გაუმჯობესების მიზნით სისტემის რადიკალური ცვლილების მომხრეა. მან არაერთხელ გააჟღერა იდეები აშშ დოლარის არგენტინის ოფიციალურ ვალუტად მიღებასა და ქვეყნის ცენტრალური ბანკის გაუქმების შესახებ. ასევე, მან ხელისუფლებას გადასახადებისა და სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირება, სახელმწიფო საწარმოების დახურვა ან მათი პრივატიზება და ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროების გაუქმება შესთავაზა.

არგენტინის საყოველთაო არჩევნების პირველი ტური 22 ოქტომბერს, ხოლო მეორე - 19 ნოემბერს არის ჩანიშნული. პრაიმერის შედეგებმა აჩვენა, რომ არგენტინის სამ მთავარ კოალიციას დაახლოებით ერთი რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავს, რაც ამცირებს იმის შანსს, რომ რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატმა 22 ოქტომბერს 50%-იანი ზღვრის გადალახვა შეძლოს, რაც პირველ ტურში პირდაპირი გამარჯვებისთვის აუცილებელი პირობაა.

კომენტარები