გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით, 12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს ქუთაისში მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა.
განაჩენის მიხედვით, კაცი თავის სახლში ამყარებდა სქესობრივ კავშირს 12 წლის მოზარდთან. მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც, განაჩენის თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 4 წლით გამოსაცდელ ვადად.
"დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება". – წერს განაჩენში მოსამართლე ციცინო მოსიძე.
განაჩენი მოსამართლე ციცინო მოსიძემ 2021 წლის 9 აპრილს გამოიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
"სასამართლო სხდომაზე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს". – ნათქვამია ბათუმელების მიერ მოპოვებულ განაჩენში.