საქართველოს ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილის საწყისი ღირებულება 1000 ლარია. ფინანსთა სამინისტროს აუქციონის საიტზე ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი გასაყიდად 14 იანვარს გავიდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით კომპანიის აქტივები 17 მილიონი ლარი ღირს. კომპანიის აქციების შეუსაბამოდ დაბალი ღირებულება სახელმწიფოს წინაშე მისი ვალდებულებით არის გამოწვეული, რადგანაც მისმა შემძენმა უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის წინაშე არსებული 217 მილიონი ლარის მოცულობის დავალიანება. აუქციონი 28 იანვარს დასრულდება.
აუქციონის აღწერილობა
შპს "საქართველოს ლატარიის კომპანიის“ აქტივები (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) - 17 596 825 ლარი
შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ვალდებულებები (2015 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) - 217 213 829 ლარი
2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „საქართველოს ლატარიის კომპანიას“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გააჩნია 216 318 937 ლარის ოდენობით დავალიანება (მ.შ: საურავი შეადგენს 62 634 927 ლარს).
საქართველოს ლატარიის კომპანია არის ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორი, რომელიც გთავაზობთ ლატარიის მთელ რიგ თამაშობებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიას ლატარიისა და სხვა მომგებიანი თამაშების ჩატარების უფლება გადაეცა 15 წლის ვადით 2009 წელს. ლიცენზია საქართველოს ლატარიის კომპანიას მიენიჭა საერთაშორისო ღია ტენდერის შედეგად 2009 წლის 1 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.