თურქეთმა ლიბიის გარდამავალი მთავრობა სცნო

თურქეთმა ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭო აღიარა და ოპოზიციას  200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარებას დაჰპირდა. განცხადება ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეტ დავუთოღლუმ ლიბიის ქალაქ ბენღაზიში სტუმრობისას გააკეთა. ბენღაზის უკვე რამდენიმე თვეა ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ოპონენტები აკონტროლებენ. 200-მილიონიანი პაკეტი თურქეთის ხელისუფლების მიერ ლიბიის ოპოზიციისთვის გაწეული უკვე მეორე ფინანსური  დახმარებაა. ივნისში თურქეთის მთავრობამ ლიბიის გარდამავალ საბჭოს 100-მილიონიანი დახმარება გამოუყო.  „თურქეთი მხარს უჭერს ლიბიელი ხალხის მოთხოვნას  და ემხრობა ქვეყანაში თანხმობის მიღწევას,” განაცხადა დავუთოღლუმ.

თურქეთის გარდა, ლიბიის კანონიერ მმართველ ორგანოდ გარდამავალი საბჭო კიდევ რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა. მათ შორის არის საფრანგეთი, აშშ და იტალია. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ანკარა პოლკოვნიკ კადაფის წინააღმდეგ კოალიციური სამხედრო ოპერაციის დაწყებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.

კომენტარები