17 მაისი

მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

მთავრობამ "ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით" 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

"საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი განისაზღვროს უქმე დღედ.

ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.

ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

ეს დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე" - წერია ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ დოკუმენტში.


საპატრიარქოს ინფორმაციით, 17 მაისს, რომელიც ილია მეორის მიერ ოჯახის სიწმინდის დღედ არის გამოცხადებული, სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის ტაძარში შეიკრიბება, საიდანაც მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში გადაინაცვლებენ.

"ბოლო ათი წელია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით, ჩვენს ქვეყანაში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება.

ოჯახი და ტრადიციების პატივისცემა ის ფუნდამენტური ფასეულობებია, რომელთა დაცვასა და სიწმინდეზე დგას ღირსეული ქვეყნისა და თითოეული მოქალაქის სიმტკიცე. ნიშანდობლივია, რომ ოჯახის სიწმინდის დაცვა როგორც ქრისტიანების, ისე სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი და ტრადიციების ერთგული სახელმწიფოს სახე და საფუძველი.

წელსაც, ტრადიციულად, სასულიერო პირები და მრავალრიცხოვანი მრევლი აწყობენ ლოცვით მსვლელობას ამ დღესთან დაკავშირებით.

2024 წლის 17 მაისს, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს მცირე პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო ლოცვითი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი.

გავერთიანდეთ და სადღესასწაულო სულისკვეთებით ვილოცოთ ჩვენი ოჯახების სიმტკიცის, სიწმინდის, ქვეყნის ძლიერებისა და მშვიდობისათვის!" - წერს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა.

კომენტარები