ბრაზილია

ბრაზილიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა

REUTERS/Amanda Perobelli

ბრაზილიაში, რიუ-გრანდე-დუ-სულის შტატში წყალდიდობას, სულ მცირე, 78 ადამიანი ემსხვერპლა, 115 000-ზე მეტ ადამიანს კი იძულებით გადაადგილება მოუწია. 

დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან კვირის მონაცემებით დაკარგულად 105 ადამიანი ითვლება, შაბათს კი დაკარგულად 70 მიიჩნეოდა. 

წყალდიდობებმა რამდენიმე ქალაქში ხიდები და გზები გაანადგურა. ძლიერმა წვიმებმა ასევე მეწყერი გამოიწვია და ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ჩამოანგრია.

ხელისუფლების თქმით, 400 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, შტატის თითქმის მესამედს კი წყალი აღარ მიეწოდება. 

ეროვნული გეოლოგიური სამსახურის ცნობით, პორტო ალეგრეში გუაიბას ტბამ დღემდე აღბეჭდილ წყლის უმაღლეს დონეს მიაღწია. 

პორტო ალეგრეს საერთაშორისო აეროპორტმა ყველა ფრენა გააუქმა. 

"ეს არის ომის სცენარი და ომის შემდგომი ზომები დასჭირდება". - თქვა შტატის გუბერნატორმა. 

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა შტატს თავისი კაბინეტის წევრებთან ერთად ეწვია და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამძებრო-სამაშველო და რესტავრაციული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. სამაშველო ოპერაციებში ადგილობრივი მოსახლეობაც მონაწილეობს. 

"ბიუროკრატია ხელს ვერ შეგვიშლის შტატის სიდიადის აღდგენაში". - თქვა ლულამ პრესკონფერენციაზე. 

ვატიკანში კვირეული მიმართვის დროს პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ რიუ-გრანდე-დუ-სულის მოსახლეობისთვის ლოცულობდა. 

კომენტარები