რუსეთი

რუსი დეპუტატი მომხრეა, თანამდებობაზე დანიშვნამდე პირებს სექსუალური ორიენტაცია შეუმოწმონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ალექსანდრ ხინშტეინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ალექსანდრ ხინშტეინმა გამოცემა Самарское обозрение ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი "ვერაფერს ხედავს არასწორს იმაში, რომ მაღალჩინოსნების თანამდებობებზე დანიშვნამდე მათი სექსუალური ორიენტაცია შემოწმდეს".

ხინშტეინის თქმით, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისთვის ის სტრუქტურები უნდა იყოს შეზღუდული, სადაც დასაქმებულებს ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობა უწევთ, რაც, მისი თქმით, განათლებისა და ასევე ახალგაზრდული პოლიტიკის სამინისტროებს მოიცავს.

"ვერაფერს ვხედავ ცუდს ან დასაძრახს ამგვარ შემოწმებაში. ტრადიციული ოჯახის ღირებულებების დაცვა სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი საფუძველია, და ის ხალხი, ვინც ამაში ჩართულნი არიან განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა შეირჩნენ. მე თავად ორი შვილი მყავს და ნამდვილად ვიყავი და ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ჩემი შვილების მასწავლებლები არატრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს წარმოადგენდნენ". - თქვა ხინშტეინმა.

აღნიშნული კითხვა ხინშტეინს ჟურნალისტმა ქალაქ სამარას ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრის, სერგეი ბურცევის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით დაუსვა. იგი მას შემდეგ გადადგა, რაც ხინშტეინმა განაცხადა, რომ ბურცევი ურთიერთობაში სხვა კაცთან ერთად იყო.

კომენტარები