რუსული კანონი

ბორელი: საქართველოს ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოვუწოდებ, როგორც შარშან

EPA

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი" კვლავ უკან გაიწვიონ.

ამის შესახებ საუბარია კრიზისების მართვის საკითხების ევროკომისარი იანეზ ლენარჩიჩის სიტყვით გამოსვლაში, რომელიც ბორელის სახელით საუბრობდა.

ბორელი თვლის, რომ ამ კანონპროექტის კანონად მიღებით საქართველო ევროკავშირის გზიდან გადაუხვევს.

"გასული კვირების განმავლობაში, საქართველოს ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლების გამოსაყენებლად და ხელისუფლებისგან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაწვევა კიდევ ერთხელ მოითხოვა.

შარშან შთამბეჭდავი კადრები საქართველოდან უკვე ვნახეთ. ყველა ასაკის მოქალაქეებს ხელში ქართული და ევროპული დროშები ეკავა, ისინი აჩვენებდნენ დემოკრატიის, ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების და საქართველოს ევროკავშირისკენ გზის მტკიცე ერთგულებას. მაშინ მმართველი პარტია და მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს საჯაროდ დაჰპირდა, რომ მსგავსი კანონმდებლობა აღარასოდეს დაბრუნდებოდა.

საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს კანონპროექტის გაწვევისკენ მოვუწოდებ. ისევე როგორც შარშან, ნათელია, რომ ეს კანონმდებლობა ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან შეუთავსებელია. თუ მიიღეს, ეს  ევროკავშირის გზაზე საქართველოს წინსვლას საფრთხეს შეუქმნის." – ნათქვამია განცხადებაში.

ბორელის აზრით, შარშან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით საქართველო ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოვდა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების მუშაობა და არ უნდა შეიზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლება.

"საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში აქვთ მომავალი. შარშან დეკემბერში მინიჭებულმა კანდიდატის სტატუსმა ჩვენი ურთიერთობები უფრო დააახლოვა, ვიდრე ოდესმე. ჩვენი კარი ღიაა, ამიტომ მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ.

სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების მუშაობა უმნიშვნელოვანესია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. საქართველოს ჰყავს აქტიური და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშირის წევრობისკენ.  შემოთავაზებული კანონმდებლობა შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფალი მუშაობის შესაძლებლობას, შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და მოახდენს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირებას. ეს ასევე იმოქმედებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე, რადგან ეს ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით ხდება. გამჭვირვალობა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობის შეზღუდვის ინსტრუმენტად არ უნდა იქნას გამოყენებული." - ფიქრობს ბორელი.

ბორელმა მთავრობას შეახსენა 9 ნაბიჯი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზეა შესასრულებელი და საქართველოს ლიდერებს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ კონსენსუსი მიღწევისკენ მოუწოდა.

"კომისიამ ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ სამუშაოს, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს - კერძოდ განსახორციელებელ ცხრა ნაბიჯს. როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, საქართველო უნდა შეესაბამებოდეს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, რომელიც კონკრეტულად მოითხოვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დაცვას. მხოლოდ მნიშვნელოვანი და შეუქცევადი წინსვლა ამ ფუნდამენტურ სფეროებში განსაზღვრავს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნასა და საერთო ტემპს.

დაბოლოს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ. ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია და პოზიტიურად და კონსტრუქციულად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. გაფართოება მაშინ არის წარმატებული, როდესაც მთელი ქვეყანა ამ მიზნის ირგვლივ ერთიანდება. ის ასევე არის ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, ამ გზას დაადგეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენს ნორმებთან ვალდებულება, არამედ ჩვენს ღირებულებებთანაც შესაბამისობის ვალდებულება." - თვლის ბორელი.

კომენტარები